
"NATO სჯობს ნებისმიერ იარაღს" - ზელენსკიმ კვლავ ისაუბრა NATO-ს წევრობასა და ბირთვულ იარაღზე
18/10/2024 17:29:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, მისი განცხადებიდან მეორე დღეს, რომ ნატოში გაწევრიანებასა და ბირთვული იარაღის ფლობას შორის, უკრაინა ირჩევს ნატოს, კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე.
„რაც შეეხება ბირთვულ იარაღს. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვაპირებდით რაიმე საფრთხის შექმნას მსოფლიოსთვის და ბირთვული იარაღის გამოყენებას“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან.
„მინდა, რომ სწორად გაგვიგონ. მე მჯერა, რომ უკრაინა ნატოში უნდა იყოს და არგუმენტი - ბუდაპეშტის მემორანდუმის დროს ჩვენ დავთმეთ ბირთვული იარაღი და ჩვენ გვაძლევდნენ უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას“, - ციტირებს Ukrinform ზელენსკის. „ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინას რომ არ დაეთმო ბირთვული იარაღი, ის ზუსტად იგივე ქოლგა იქნებოდა, რაც სხვა ბირთვულ ძალებს აქვთ. რა თქმა უნდა, თუ ნატოში არ ხარ. ნატო ნებისმიერ იარაღზე უმჯობესია“.
„მაგიდაზე არსებული ვარიანტებიდან, რაც რეალისტურია, არის ნატო-ში გაწევრიანება“, - განაგრძო ზელენსკიმ.
1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, უკრაინამ რუსეთს მისცა მის ტერიტორიაზე დარჩენილი საბჭოთა ბირთვული არსენალი, ხოლო სანაცვლოდ ბირთვული ძალები - რუსეთი, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დაჰპირდნენ მას უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას.
ერთი დღის წინ ბრიუსელში ზელენსკიმ ჟურნალისტებს უამბო სექტემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ. ზელენსკის თქმით, მან შეახსენა ტრამპს, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმამ და ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერამ საბოლოოდ ვერ დაიცვა უკრაინა რუსული თავდასხმისგან და ამიტომ უკრაინა ირჩევს ნატოს, როგორც მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვარიანტს.