
პუტინი რუსეთის არმიას "ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურს" უწოდებს ფრონტზე 1940-იანი წლების იარაღის გაგზავნის შემდეგ
18/10/2024 19:33:34 მსოფლიო
რუსეთის არმია ხდება „ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მაღალტექნოლოგიური“ მსოფლიოში, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების მედიორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. კრემლის ლიდერის განცხადება ჟღერს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფრონტზე იოსებ სტალინის ეპოქის იარაღი გაგზავნა.
კერძოდ, აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კურსკის რეგიონის დასაცავად, რუსეთის არმიამ დაიწყო 1950-იან წლებში შემუშავებული 130 მმ-იანი M-46 ჰაუბიცების გამოყენება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ იარაღის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. "M-46 ქვემეხების ეკიპაჟებმა აღჭურვეს საცეცხლე პოზიციები კურსკის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯავშანტექნიკის განადგურების მიზნით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ადრე ამ ჰაუბიცებს იყენებდნენ ფრონტის სხვა სექტორებში.
იუწყებიან, რომ 130 მმ M-46 ქვემეხი ექსპლუატაციაში შევიდა 1951 წელს, მაგრამ უკვე 1970-იან წლებში იგი შეიცვალა უფრო მძლავრი 152 მმ-იანი Giatsint-B ქვემეხებით.
2022 წლის ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ დაიწყო 1940-იან წლებში შემუშავებული S-60 საზენიტო იარაღის ფრონტზე გადატანა. ეს დადასტურდა მოძველებული აღჭურვილობის მატარებლებით გადაზისდვის ამსახველი კადრებითაც.
კრემლის პროპაგამდისტმა ვლადლენ თათარსკიმ მალე აჩვენა D-1 ჰაუბიცა, რომელსაც რუსული ჯარები იყენებდნენ უკრაინაში. ეს 152 მმ ჰაუბიცა შეიქმნა 1943 წელს და იწარმოებოდა 1949 წლამდე.
სექტემბერში Oryx-ის პროექტი, რომელიც აღწერს რუსული აღჭურვილობის დანაკარგებს, იტყობინებოდა, რომ რუსეთმა დაკარგა 10000-ზე მეტი ყველა ტიპის ჯავშანმანქანა უკრაინაში. დანაკარგების ამგვარი ტემნპის პირობებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ წელიწადში ვერ შეძლებს ჯარების საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
ომის დაწყების შემდეგ განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკას შორის არის:
3376 ტანკი, მათ შორის 159 ყველაზე თანამედროვე T-90,5000-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, საჰაერო სადესანტო და ჯავშანტრანსპორტიორი,1500-ზე მეტი სხვა ჯავშანმანქანა, მათ შორის სატრანსპორტო, სადაზვერვო.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISS) და სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტი (RUSI) თვლიან, რომ რუსეთის ფრონტზე გაგზავნილი აღჭურვილობის 85% არის განახლებული ან მოდერნიზებული საბჭოთა აღჭურვილობა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საბჭოთა იარაღისა და აღჭურვილობის მარაგს უკრაინაში ბრძოლების მხარდასაჭერად. თუმცა, ეს რეზერვები იწურება და ჩნდება კითხვა: შეძლებს თუ არა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თუნდაც ეკონომიკის მობილიზებით, ანაზღაუროს დანაკარგები, - აღნიშნავს ISW.
აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სტოკჰოლმის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსანდრე გოლტსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მოწვეული თანამშრომლის პაველ ლუზინის აზრით, საბჭოთა ტექნიკის შეკეთებისა და აღდგენის შესაძლებლობა შესაძლოა, 2025 წლის მეორე ნახევრისთვის ამოიწუროს, რაც მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის არმიას.