
Le Monde: აშშ უკრაინის NATO-ში მიწვევას პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება
20/10/2024 08:30:05 მსოფლიო
აშშ უკრაინის NATO-ში მიწვევას პრინციპულად აღარ ეწინააღმდეგება, – იუწყება Le Monde დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც, გამოცემის ცნობით, "18 ოქტომბერს ბერლინში შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის შედეგების შესახებ ფლობს ინფორმაციას".
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, "თუ არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა, გარდამავალ პერიოდში დაიწყოს უკრაინის მიწვევის პროცესი".
ამასთან, Le Monde-ის თანამოსაუბრე განმარტავს, რომ თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, „ბაიდენის მცირე ინიციატივამაც კი შესაძლოა, გააუარესოს ვითარება“.
გაზეთის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერებმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობაც.
"საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, დაუშვან ასეთი დარტყმები, გერმანია და შეერთებული შტატები შიშობენ, რომ ეს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს", – იტყობინება Le Monde.