
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება
20/10/2024 08:44:00 მსოფლიო
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი იმართება.
მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.
ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.
ამ არჩევნებში პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც მკვეთრად პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, მეორე ვადით ეცდება თანამდებობაზე დარჩენას. იგი აპირებს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანოს ჩანაწერი, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
სანდუს მთავარი კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოღლოა, რომელიც "სოციალისტურმა პარტიამ" ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ნაცვლად წარადგინა. ორი გამოკვეთილად ძლიერი კანდიდატის გარდა პრეზიდენტობისთვის კიდევ სხვა 9 პოლიტიკოსი იბრძვის.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გახდება აუცილებელი. თუკი ეს პროგნოზი გამართლდა, არჩევნების მეორე ტური 2 კვირაში, 3 ნოემბერს გაიმართება.
არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე – 14 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა ხუთი პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი და ერთი ორგანიზაცია. 18 ოქტომბერს – არჩევნებამდე ორი დღით ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობებზე. მან თქვა, რომ "ადგილი აქვს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის მომავლის შესაცვლელად".