
G7: "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის შეუქცევად სვლას NATO–ში გაწევრიანებისკენ"
20/10/2024 12:36:05 მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის "შეუქცევად სვლას" NATO-ში გაწევრიანების გზაზე და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის "მოკლევადიანი და გრძელვადიანი" სამხედრო დახმარების გაწევას.
19 ოქტომბერს ლიდერებმა დაგმეს მოსკოვის სამხედრო აგრესია, მის მიერ გამოყენებული "ჰიბრიდული ომის" მეთოდები და "ბირთვული რიტორიკის უპასუხისმგებლო გამოყენება".
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიზანსწრაფვას უკრაინას გავუწიოთ დახმარება, მათ შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამხედრო დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის შეუქცევად სვლას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, NATO–ში გაწევრიანების ჩათვლით", - ნათქვამია "დიდი შვიდეული" მიერ ნეაპოლში ჩატარებული სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
"დიდი შვიდეულის" სამიტს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც ესწრებოდა, რომელმაც, მისი ოფისის ცნობით, "მადლიერება გამოხატა რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში გაწეული მუდმივი დახმარებისთვის".
"დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს მდიდარ ქვეყნებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და იაპონიას.