
ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი კვლავ ჩაკეტა
07/02/2020 07:36:26 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ „რაზდახანის“ [ოსური სახელწოდება] ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტა.
როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, პენსიონერთა ნაწილმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა უმრავლესობა დაბრუნდა.
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით კი, პენსიონერთა ნაწილი წეროვანში მკურნალობის მიზნით დარჩა, ნაწილიც იქ ნათესავებთან ზამთარს გაატარებს.
როდის გაიხსნება კვლავ დე ფაქტო საზღვარი – ჯერ–ჯერობით უცნობია. როგორც მანამდე ოსური მხარე აცხადებდა, ახალგორელ პენსიონერებს ოკუპირებულ რეგიონიდან გასვლა 2 თვეში ერთხელ შეეძლებოდათ.
ცნობისთვის: დე ფაქტო ხელისუფლებამ „რაზდახანის“ გადასასვლელი 24 იანვარს პენსიონერთა იმ ნაწილისთვის გახსნა, რომლებიც ქართულ პენსიებს იღებენ და არც რუსეთის, არც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" მოქალაქობა გააჩნიათ.