სანდუ: მოლდოვამ ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა!

21-10-2024 10:16:16 ევროპა

მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყანაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სანდუმ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების“ პარტია უჭერს.

რაც შეეხება რეფერენდუმს, განახლებული, წინასწარი შედეგებით მცირედით დაწინაურდნენ ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერები. შედეგების 98,33%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,03%-მა და უარყოფითად 49,97%-მა.

ამ მონაცემებით, მომხრეების რიცხვი დაახლოებით 800-ით მეტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები