მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

21-10-2024 12:34:49 ევროპა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა, მან პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს მხარი კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა დაუჭირა.

26,31%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.

მათ შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო.

20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. შედეგების 98,42%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,08%-მა და უარყოფითად 49,92%-მა.

არჩევნების წინ მოლდოველი პოლიტიკოსები ჰიბრიდულ ომზე ლაპარაკობდნენ. სანდუმ არჩევნების შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომ მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სანდუმ.

News

Other news