Accentnews.ge
რუტე: ფხენიანის მიერ რუსეთში სამხედროების გაგზავნა მნიშვნელოვანი ესკალაციაა

რუტე: ფხენიანის მიერ რუსეთში სამხედროების გაგზავნა მნიშვნელოვანი ესკალაციაა

21/10/2024 08:54:13 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, თუ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცები უკრაინასთან საბრძოლველად გაგზავნა, ეს "მნიშვნელოვანი ესკალაციაა".

რუტე ამბობს, რომ იგი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს სეულისა და ალიანსის "მჭიდრო პარტნიორობაზე, თავდაცვის ინდუსტრიების თანამშრომლობასა და ევროატლანტიკური სივრცისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ურთიერთდაკავშირებულ უსაფრთხოებაზე" ესაუბრა.

"თუ ჩრდილოეთ კორეა ჯარისკაცებს რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გზავნის, ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა", - წერს რუტე X-ზე.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 12 ათასი სამხედრო გაგზავნა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

როგორც ამტკიცებენ, ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯარების დისლოკაციის შეცვლა უკვე დაწყებულია. საუბარია ოთხ სამხედრო ბრიგადაზე, მათ შორის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო თათბირი გამართა. მან ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნას უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე უწოდა სამხრეთ კორეისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შესაძლო მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი უკვე გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში და რომ პირველი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში გასაგზავნად ემზადება. მისივე ინფორმაციით, ეს ძალბი ნოემბერში შესაძლოა, უკრაინაში გადაისროლონ.

ჩრდილოეთი კორეა ღიად უჭერს მხარს მოსკოვს, ამარაგებს საარტილერიო ჭურვებითა და რაკეტებით. ივნისში მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S