
თბილისის მერია: ახალი საბაგირო გზა თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს
21/10/2024 09:25:03 საზოგადოება
ინფორმაციას თბილისის ინფორმაციით, თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს.
მერიის ცნობით, პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.
მერია იუწყება, რომ პროექტის მიმდინარეობას მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნენ.
მათია იტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.