
ერმაკი: რუსეთი, მათ შორისდ, კავკასიის რეგიონისთვის განკუთვნილ სანქცირებულ საქონელს ყალბი სატრანზიტო სქემით იღებს
21/10/2024 11:22:42 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ კრემლი იყენებს ყალბ სატრანზიტო სქემას, რომელიც საშუალებას აძლევს, მიიღოს სანქცირებული ტვირთი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც განკუთვნილია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისთვის.
„შუამავალი კომპანიები გამოიყენება დასავლური ორმაგი დანიშნულების ელექტრონული კომპონენტების მისაღებად. ასევე იქმნება ფიქტიური საწარმოები „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაქმნელად და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის“, - ამბობს ერმაკი და აღნიშნავს, რომ რუსული იარაღი შეიცავს დასავლურ კომპონენტებს.
მიმდინარე წლის აპრილში მედია წერდა, რომ რუსული სამხედრო გემთმშენებლები, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან, კომპონენტებს ევროპის ქვეყნებიდან ხორვატიისა და იტალიის კომპანიების დახმარებით იღებენ. ეს გემთმშენებლები ასევე აშენებენ გემებს რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის.