
ცხინვალი: „საზღვარი ორ თვეში გაიხსნება“
07/02/2020 12:28:54 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ 6 თებერვლიდან ჩაკეტილ ე. წ საზღვარს, ადრე მიღებული გადაწყვეტილებისამებრ, ორ თვეში გახსნის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა.
„გასული წლის 2 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ლენინგორის [ახალგორი] რაიონის მაცხოვრებლები სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში და უკან ორ თვეში ერთხელ გაატაროს. ეს ნორმა ვრცელდება ლენინგორის რაიონის მხოლოდ იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არ არიან. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმ ბოლო დღეების განმავლობაში, როცა საზღვარი გახსნილი იყო, საქართველოში გასულთა 95%–მა უკან დაბრუნება მოასწრო. „რაზდახანი“ [ოსური სახელწოდება] ჯერ კიდევ 2 თებერვალს უნდა ჩაკეტილიყო, თუმცა ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ეს 6 თებერვლამდე გადაავადა. ამასთან, იყო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოქალაქისადმი, რომელიც საქართველოში გადიოდა, ავადმყოფებს აგზავნიდნენ სამკურნალოდ. ოპერატიულად რეაგირებდნენ ლენინგორის რაიონის მაცხოვრელების თითოეულ მიმართვაზე. რაც შეეხება რაიონში ვითომდა შექმნილ სასურსათო კრიზისს, ლენინგორში ჟურნალისტებიც იყვენენ ჩასულები, ვითარება დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მაღაზიები გადავსებულია პროდუქტით, საავადმყოფოში კი ყველა აუცილებელი მედიკამენტი და პრეპარატია“, – განაცხადა კოტაევამ და დასძინა , რომ „გამშვები პუნქტი ორ თვეში გაიხსნება – ისე, როგორც თავდაპირველად იყო გადაწყვეტილი“.
ცნობისთვის: დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება წნელისთან 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს არ გააუქმებს.