ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 17-20 ოქტომბერი
22/10/2024 05:53:11 პოლიტიკა
16 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის პატრულირებისას, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის „საზღვრის“ დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში აღმოაჩინეს Mavic 3 მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც, მათი მტკიცებით, სოფლის შემოგარენსა და სამხედრო ობიექტებს იღებდა.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული მოწყობილობა ქართველ აქტივისტსა და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს, დავით ქაცარავას, ეკუთვნოდა.
მომხდარი ინციდენტი აფხაზეთში შეფასებულ იქნა როგორც „დაუფარავი პროვოკაცია“. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და განაცხადა, რომ საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. “მიუხედავად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ აფხაზეთთან არსებული ყველა წინააღმდეგობრივი საკითხის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება, პრაქტიკაში საქართველო განაგრძობს საზღვარზე ვითარების ესკალაციას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ენგურის გამშვებ პუნქტზე გადასვლა აუკრძალა
აღნიშნული გადაწყვეტილება „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე იქნა მიღებული და ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.
კერძოდ, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა წამოაყენა ინიციატივა, რომ 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლის გამყოფ ხაზზე მოქალაქეთა გადაადგილება შეიზღუდოს. როგორც „სამსახური“ იტყობინება, ეს გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებით“. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებმა „უსაფრთხოების სამსახურის“ წინადადებას მხარი დაუჭირეს, თუმცა რამდენიმე გამონაკლისის დაშვებით, სახელდობრ: (1) ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა გააჩნიათ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ; (2) ენერგოსისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შეზღუდვები არ შეეხება ენგურჰესის თანამშრომლებს.
“უშიშროების საბჭოს მდივნის“ რაულ ლოლუას თქმით, „უსაფრთხოების სამსახურის“ წინადადება ლეგიტიმურია და „აფხაზურმა მხარემ უნდა მიიღოს სათანადო ზომები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მოსალოდნელი პროვოკაციების აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელების არდაშვების მიზნით“. „ყველამ იცის, რომ დასავლური ქვეყნები, ისევე, როგორც სხვადასხვა პროდასავლური მოძრაობა საქართველოში, მათ შორის ნაციონალისტური და ანტირუსული ძალები, ოცნებობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს ანტირუსულად განწყობილი კანდიდატების სასარგებლოდ, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზეც ე.წ "მეორე ფრონტის" გახსნა უნდათ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად სხვადასხვა პროვოკაციულ მოვლენასთან დაპირისპირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლოლუამ.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პერიოდში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად“ შეაფასა. „პრინციპში, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ძალის არგამოყენების შეთანხმებაც არ გვაქვს, საზღვრის ჩაკეტვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, სოხუმის სანაპიროდან ყველა ღობეს იქ გადავიტანდი და პრეზიდენტის დაცვის ყველა წევრს დავაყენებდი. მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 23-დან 30 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთიდან გასვლა აუკრძალოს, არალოგიკურად მეჩვენება და ნაკლებად სავარაუდოა, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდეს. რაღაც მკარნახობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს, რომლებზეც, როგორც ჩანს, აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა უნდა შეეზღუდოთ. ჩნდება კითხვა: ვინ და ვისთან შეთანხმდა ამაზე? და ხომ არ არის ეს აფხაზეთის ჩარევა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში?“, - აცხადებს იზიდა ჭანია.
აფხაზეთის მუზეუმის გამოფენიდან შამილ ბასაევის პორტრეტი ჩამოხსნეს
ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, “თავდაცვის მინისტრი“ ვლადიმირ ანუა პირადად ეწვია მუზეუმს, რათა „აფხაზეთის გმირებისთვის“ მიძღვნილ ექსპოზიციას გაცნობოდა. შამილ ბასაევის პორტრეტის დანახვისთანავე, მან მუზეუმის ხელმძღვანელობას მიმართა „წინადადებით“, შეცვალოს არსებული ექსპოზიცია და პორტრეტი ჩამოხსნას, რადგან შამილ ბასაევმა „თავისი ქმედებებითა და განცხადებებით შეურაცხყო აფხაზეთის გმირის მაღალი წოდება“. მუზეუმის ხელმძღვანელობამ დავალება შეასრულა და პორტრეტი ჩამოხსნა.
„თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოახდინონ აფხაზეთის გმირების ექსპოზიციის განახლების ფაქტის პოლიტიზება... შეგახსენებთ, რომ გმირი არის ადამიანი, რომელიც თავისი სიმამაცითა და სიმტკიცით გამოირჩევა, თავდადებულად ჩადის გმირულ საქციელებს. ამ თვისებებით ადამიანი არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მშვიდობიან დროსაც უნდა ხასიათდებოდეს“, - ხაზგასმულია გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შამილ ბასაევს შესაძლოა „აფხაზეთის გმირის“ წოდებაც ჩამოერთვას. ამ მოწოდებით დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აფხაზეთის „სახალხო დამცველმა“ ანას ქიშმარიამ მას შემდეგ მიმართა, რაც ჩრდილოეთ ოსეთის „ომბუდსმენისგან“ ტამერლან ცგოევისგან „ტერორისტ შამილ ბასაევის დეჰეროიზაციის“ თაობაზე ოფიციალური მიმართვა მიიღო. ამჟამად საკითხი განხილვის პროცესშია.
1992 წელს, რუსეთში ტერორისტად მიჩნეული ჩეჩენი მეამბოხე მეთაური შამილ ბასაევი აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მას ე.წ. უმაღლესი ეროვნული ჯილდო, “აფხაზეთის გმირის” მედალიც გადასცეს. მისი პორტრეტი მუზეუმში სწორედ “აფხაზეთის გმირების” სახელობის გამოფენის ფარგლებში ჩამოკიდეს, რამაც რუსული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ჩარევის მიუხედავად, მუზეუმმა პორტრეტის ჩამოხსნაზე უარი განაცხადა, თუმცა საგამოფენო დარბაზი დროებით დახურა.


