
ერთ დღეში რუსეთში იერიში სამ სპირტის ქარხანაზე მიიტანეს
22/10/2024 06:25:22 მსოფლიო
რუსეთში, ტულაში, ქალაქ ეფრემოვში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრეწველობის ობიექტები, მათ შორის – სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა აფეთქებები იმით ახსნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა „აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა“.
მისი თქმით, "დაზიანებულია ეფრემოვის სპირტის ქარხნის და სუვოროვის რაიონის დაბა ლუჟკოვის სპირტის ქარხნის შენობები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა". გუბერნატორს თბოელექტროსადგური არ უხსენებია.
ქალაქ ეფრემოვიდან დაბა ლუჟკოვამდე მანძილი, სულ მცირე, 150 კილომეტრია.
გარდა ამისა, გამთენიისას აფეთქება მოხდა რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ რასკაზოვოში მდებარე საწარმო „ბიოხიმის“ ტერიტორიაზე.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორ მაქსიმ ეგოროვის მიერ "ტელეგრამით" გავრცელებულ ცნობაში აფეთქების მიზეზად დასახელებულია „სავარაუდოდ, უპილოტოს მოფრენა“. ეგოროვის თქმით, "აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც დილის შვიდის ნახევრისთვის ჩააქრეს".
„ბიოხიმის“ ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხანა ეთილის სპირტს აწარმოებს.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.