საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას

22-10-2024 14:27:16 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აცხადებს, რომ რომელიმე პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას არ აპირებს. ამასთან, საპატრიარქო სასულიერო პირებს რეკომენდაციით მიმართავს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Новости

Другие новости