გახარია – ივანიშვილზე: ეს არ არის მისი პირველი მუქარა

22-10-2024 15:37:27 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი მუქარა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ. მუქარა არ არის პირველი, მაგრამ პირველი რაც მოხდა ეს არის, რომ გამოვიდა და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით. რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს. ამიტომ, მე აბსოლუტურად ღიად, მინდა თითოეულ ჩვენს წევრს მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ არანაირი მუქარის განმხორციელებელი არ არის, უბრალოდ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი, ემოციური კონტროლისგან გასული და გონივრულობის მიღმა ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომელზეც მე არც გავცემ პასუხს”, – განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი "პარტია საქართველოსთვის" წევრებს და მის ლიდერს გიორგი გახარიას გასამართლებით ემუქრება.

"მე შორს ვარ ამომრჩევლების გასამართლების აზრისგან, მაგრამ ისევ დავუბრუნდები ამ მოუშუშებელ ჭრილობას, არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და რომ დგანან მის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც", – განაცხადა მან "იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები