პრემიერი ევროკავშირის ელჩს "ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში" ადანაშაულებს

22-10-2024 15:43:06 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის "ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში" ადანაშაულებს. აღნიშნულის მიზეზად კობახიძემ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება დაასახელა.

„ეს შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება არჩევნებს უკავშირდება, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

„არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები