მშვენიერაძე – "ოცნების" აქციაზე: "თბილისში 16:00 სთ–ზე საჯარო სამსახურების იძულებით დაცლას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაუთვლიდნენ და ამიტომ გადაწიეს 19:00 საათზე"

22-10-2024 15:56:34 პოლიტიკა

„დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებლის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი შეკრების დრო 16:00 საათიდან 19:00 საათამდე იმიტომ გადაწია, რომ "მიხვდნენ, რომ 16:00 საათზე საჯარო სამსახურების იძულებით დაცლას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაუთვლიდნენ"

„20 ოქტომბრის მარში – საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ხომ ყველამ ნახეთ როგორი იყო? ყოველგვარი სატრანსპორტო კოლაფსის გარეშე, რეგიონებიდან ჩამომდგარი ასობით მიკროავტობუსისა და ავტობუსის გარეშე, ათიათასობით ადამიანი მოვიდა, საქართველოს და მის თავისუფლებას უმღერა და ქალაქისთვის ასევე უმტკივნეულოდ წავიდა. და რა ხდება ქოცების აქციაზე? ჯერ დააანონსეს [აქცია] 16:00 საათზე, რეგიონებში ხალხი დროზე რომ გაუშვან უკან. მერე მიხვდნენ, რომ თბილისში, 16:00 საათზე, საჯარო სამსახურების იძულებით დაცლას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაუთვლიდნენ და გადაწიეს 19:00 საათზე. ერთი დღით ადრე გადაკეტეს თბილისის ქუჩები, ხვალ რეგიონებიდან, იძულებით ჩამოიყვანენ სიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უმოტივაციო თანამშრომლებს და ბიძინა ისაუბრებს მის დასაბრუნებელ ფულზე და კაცის რძეზე, ხოლო შემდეგ ეს ჩამოყვანილი ხალხი ასევე უმოტივაციოდ წავლენ სახლებში. ეგაა განსხვავება თავისუფლებასა და თავისუფლების იმიტაციას შორის“, – წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ხვალ, 23 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები