მოსკოვს ივანიშვილის "სჯერა"

22-10-2024 17:34:34 პოლიტიკა

მოსკოვსა და საქართველოს მმართველ პარტიას შორის ერთმანეთისთვის ზურგის გამაგრების პოლიტიკა გრძლდება, მათ შორის - ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართულებით.

მოსკოვმა დაუყოვნებლივ აიტაცა ამჯერად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის - საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილის წუხანდელი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას აიძულებდა.

ოლიგარქის სიტყვებს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმურა და განაცხადა, რომ "არ აქვს საფუძველი, ივანიშვილის სიტყვებში ეჭვი შეიტანოს".

"ვერ ვხედავ საფუძველს, არ დავიჯერო. მათ ["ქართული ოცნების" წარმომადგენლებს - რედ.] ხომ კონკრეტული დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც ღიად უბიძგებდნენ ["ოცნების" ხელისუფლებას - რედ.] რუსეთის წინააღმდეგ ომისაკენ" - განუცხადა ჟურნალისტებს ლავროვმა.

ცნობისთვის: გუშინ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა, მათ შორის "გლობალური ომის პარტიის" განზრახვაზე, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნას.

ივანიშვილმა 2008 წლის NATO–ს ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და ალიანსის „რეალუირი კოორდინატორები“ დაადანაშაულა იმაში, რომ „მათ არ ჰქონდათ რეალურად სურვული უკრაინის და საქართველოს მიღების ელემენტარული მიზეზის გამო“.

"ჩვენთან, სამეზობლოში ძალიან მძიმე ომია, იცით. მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე, ჩვენ გვქონდა 2008-ში. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს, თუ დააკვირდებით დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ NATO არ ჩაერთოს რუსეთის ომში: ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ. აი ეს 2008-შიც იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველოსაც და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომაც არ მიიღეს NATO–ში", – განაგრძო ივანიშვილმა.

ივანიშვილმა მისი მთავრობის ექს–პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაც კი „მეორე ფრონტის“ ნარატივს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, "საქართველოსაც ამზადებდნენ, ამიტომ გადადგა გახარია თანამდებობიდან 2021 წელს":

"არავინ იცოდა, ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირებში ვერავინ გეტყოდათ ამას. აბა გაიხსენეთ, გახარია, პრემიერ-მინისტრი რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად. იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩაეშალათ. ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი აქაც საბედნიეროდ, ვერ მიიღეს, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება. მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი, ასე ახლოს არ ველოდი, თუ განვითარდებოდა. თვითონაც არ იცოდნენ ეს როდის დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ, ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს გაცნობიერებული ჰქონდა, ზუსტი თარიღი არ იცოდა - ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს. ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც, სხვა დანარჩენი მიზეზი არ ჩანს იქ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მელია არ დაიჭიროთ - რაღაც ზღაპრები იყო“.

დღეს ივანიშვილის რიტორიკა "მეორე ფრონტის" შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძე გააგრძელა, რომელიც ირწმუნება, რომ "გახარია ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აბსურდული უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმად, დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. "100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი", – ასე ეს განცხადება 2022 წელს საქართველოში აშშ–ის ელჩმა გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ თემას მოგონილი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-იდან და ევროპიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა "მეორე ფრონტის" შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები