„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლისკენ ყველა პასუხისმგებელ მხარეზე, რათა ახალგორის გადასასვლელი გაიხსნას“

07-02-2020 19:08:19 კონფლიქტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვრის კვლავ ჩაკეტვის ფაქტს ეხმიანება და მის გასახსნელად საერთაშორისო საზოგადოებას ყველა პასუხისმგებელ მხარეზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

„ახალგორის გადასავლელის დაკეტვა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის მორიგ ფაქტს წარმოადგენს. გადაადგილების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა და მას პატივი უნდა სცენ. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა განახორციელოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე, რათა გადასასვლელი გაიხსნას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა და განაცხადა, რომ ეს მდგომარეობა ქართული მხარის მიერ წნელისთან საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებამდე გაგრძელდებოდა. მოგვიანებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის შემდეგ ითქვა, რომ დე ფაქტო საზღვარზე მძიმე ავადმყოფებს გადმოატარებდნენ სამკურნალოდ. კიდევ მოგვიანებით ცხინვალის კრიტიკით მოსკოვიც გამოვიდა, მეორე დღეს კი დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსიონერთა იმ ნაწილს, რომელსაც არც რუსეთის, არც ე.წ. "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა" გააჩნია, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადმოუშვებდა 10-14-დღიანი ვადით.

24 იანვარს ცხინვალმა „რაზდახანის“ გადასასვლელი პენსიონერთა ამ ნაწილისთვის მართლაც გახსნა, თუმცა დღეიდან - 7 თებერვლიდან კვლავ ჩაკეტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები