
რუტე BRICS-ის სამიტში თურქეთის მონაწილეობას გამოეხმაურა
22/10/2024 19:00:07 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ თურქეთის მონაწილეობა BRICS-ის სამიტში რუსეთის ყაზანში, გავლენას არ ახდენს მის ვალდებულებებზე, რომელიც აქვს ალიანსის წევრ სახელმწიფოს. ამის შესახებ მან სამშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არის "ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე", კერძოდ, ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ნატოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის ოპერაციებში.
„და აშკარაა, რომ ალიანსში, რომელიც დემოკრატიულია და შედგება 32 ქვეყნისგან, ყოველთვის იქნება დებატები ამა თუ იმ თემაზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
"ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ასევე თანამშრომლობს BRICS-ის ზოგიერთ პარტნიორთან. მათ აქვთ ამის სუვერენული უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროდადრო დისკუსია ორმხრივ დონეზე ან ნატოში," დასძინა მან.
რუტემ გამოთქვა "აბსოლუტური რწმენა", რომ ნატო უკიდურესად პოპულარულია თურქეთში, ხოლო თურქეთი "ძალიან პოპულარულია ნატოში".
BRICS ჩამოაყალიბეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა, მოგვიანებით კი მათ სამხრეთ აფრიკა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდნენ.
თურქეთმა BRICS-ის წევრობაზე განაცხადი რამდენიმე თვის წინ გააკეთა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ შეეცდება გაწევრიანებას BRICS-ში, თუ მას ევროკავშირში მიიღებენ.