Accentnews.ge
საქართველოში ქსელური მარკეტინგის რიგით მეორე რუსული პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოში ქსელური მარკეტინგის რიგით მეორე რუსული პლატფორმა ამოქმედდა

23/10/2024 08:14:52 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოში ელექტრონული კომერციის რიგით მეორე რუსული ქსელი - ამჯერად სკანდალური Wildberries ამოქმედდა. გაყიდვები ფრანშიზით ქართული პარტნიორი კომპანიის მიერ იწარმოებს, - იუწყება რუსული მედია Wildberries-ისა და Russ-ის საფუძველზე ჩამოყალიბებული გაერთიანებული კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა 8 მლნ-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, მათ შორის - თავის მოვლის საშუალებებზე, ტანსაცმელზე, სარემონტო მასალებზე, სახლის, აგარაკისა და ეზოს კეთილმოსაწყობად საჭირო ტექნიკასა და ნივთებზე, ასევე წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

"პირველ ეტაპზე შეკვეთილი საქონელი თბილისის პუნქტში გაიცემა. მიწოდების ვადა დაახლოებით 7 დღეს შეადგენს. განიხილება ასევე საკურიერო მომსახურების ამოქმედება. უახლოეს ხანებში კი იგეგმება სერვისის გაფართოება საქართველოს რეგიონებზეც" - აცხადებენ გაერთიანებულ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე მოაწყდა. ათასობით მათგანმა ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონება შეიძინა და ბიზნესები დაარეგისტრირა. ამ დროისთვის შემოსული რუსების ნაწილმა საქართველო დატოვა, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ რჩება.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში პირველი რუსული მარკეტ-ფლეისი - "ოზონი" ამოქმედდა.

ცნობისთვის: მარკეტ-ფლეისი Wildberries 2004 წელს ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკებმა დააარსეს. მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა გავრცელდა ინფორმაცია გარე რეკლამის უმსხვილეს რუსულ ოპერატორ Russ-თან Wildberries-ის შერწყმის შესახებ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. Wildberries-ის 99%-იანი წილის მფლობელი ტატიანა ბაკალჩუკი ქმარს დაშორდა, ვლადისლავი კი ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიის რეიდერულ დაპყრობას.

საგულისხმოა, რომ კომპანიების შერწყმას პირადად პრეზიდენტმა პუტინმა დაუჭირა მხარი, გარიგების სავარაუდო ბენეფიციარად კი ჟურნალისტური გამოძიებები დაღესტნელ სენატორს, მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს ასახელებდნენ. აი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი კი ვლადისლავ ბაკალჩუკის მხარდამჭერად გვევლინებოდა.

18 სექტემბერს Wildberries-ის ცენტრალურ ოფისში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სროლა ოფისში ვლადისლავ ბაკალჩუკისა და მისი დაცვის წევრთა შესვლის მცდელობას მოჰყვა. ინციდენტის შედეგად ოფისის ორი მცველი - ეროვნებით ინგუშები დაიღუპნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით სულ 30-მდე პირი დააკავეს, მათ შორის - თავად ვლადისლავ ბაკალჩუკიც, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გაათავისუფლეს.

ინციდენტის კომენტირებისას რამზან კადიროვმა მომხდარს "საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ორი ხალხის წაკიდების მცდელობა" უწოდა და 9 ოქტომბერს სენატორ ქერიმოვს, ასევე მის თანამემამულე კიდევ ორ სენატორს "სისხლის აღებით" დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S