
მედია: ზელენსკი ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც განსაზღვრავს, რას გააკეთებს ომის პირობებში თავად უკრაინა
23/10/2024 13:40:19 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმის“ გარდა, რომელიც მან დასავლელ პარტნიორებს უკვე გააცნო, კიდევ ერთ გეგმას ამზადებს, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, ამჯერად ის უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
"ზელენსკიმ გასცა განკარგულება, შემუშავდეს ე.წ. მოქმედების საშინაო გეგმა. ეს გეგმა ქვეყანას უნდა დაეხმაროს ომის პირობებში გაძლებაში. ვარაუდობენ, რომ გეგმას წლის ბოლომდე წარმოადგენენ. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც შეეხება საშინაო გადაწყვეტილებებს მრავალ სფეროში. ესაა, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვა, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა.
ზელენსკის ჩანაფიქრით, სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს ნაბიჯებს, რომლებიც თავად უკრაინამ უნდა გადადგას რუსეთთან ომის პირობებში", – იტყობინება გამოცემა.
„მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა შევინარჩუნოთ ერთობა და მივაღწიოთ შედეგებს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროში", – განუცხადა BBC-ს წყარომ ზელენსკის გუნდიდან.