
ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
24/10/2024 06:08:39 მსოფლიო
ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც. კლინიკაში ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.
ტერაქტი თურქეთში გუშინ, თავდაცვით-სამრეწველო კომპანია Turkish Aerospace Industries საწარმოში მოხდა - ხსენებული კომპანია სამხედრო ტექნიკას, ასევე თვითმფრინავებს აწარმოებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის უკან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები დგანან. ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი. ოფიციალური ანკარა მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
მოგვიანებით თურქეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე „წარმატებით განადგურდა“.
თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი სამიზნეები გაანადგურეს. მათი მტკიცებით, ყველა ზომა მიიღეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.