
ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტზე დარტყმის შესახებ იტყობინება
24/10/2024 06:11:26 მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
სამხედროების ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო. ასევე, სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.
ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელის იერიშების შედეგად სამი ლიბანელი სამხედრო დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებიც ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის ისრაელელ კოლეგა იოავ გალანტს შორის.
პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერის თქმით, ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად:
„მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად და იმუშაოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა“.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ოსტინმა ასევე გამოხატა შეშფოთება ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე ისრაელის თავდასხმების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა როგორც ლიბანის არმიის, ასევე გაერო-ს სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.