
გელავა: წაიღეს ჩემი ტელეფონი, ჩემი და ჩემი ქმრის ლეპტოპები, გამოკითხვაზე დამიბარეს
24/10/2024 08:45:37 პოლიტიკა, სამართალი
"ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი, მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ დღეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახლიდან მისი და მისი ქმრის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპები წაიღეს.
გელავა ამბობს, რომ იგი გამოკითხვაზე დაიბარეს.
"დილას შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ფინანსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა იმ კომპანიასთან, რომელთანაც კონტრაქტი მაქვს. მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში და ვიკვლევ სახელისუფლებო და პრორუსულ ჩარევებს საქართველოში და საინფორმაციო ოპერაციებს და დეზინფორმაციებს. მეტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, დაიწყეს ჩხრეკა და წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი და ლეპტოპი. ასევე, წაიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის პოლიტიკოსი... ამ წუთას არ გვაქვს დეტალები. გამოკითხვაზე დაგვიბარეს",- თქვა გელავამ.
გამოკითხვაზეა დაბარებული "ატლანტიკური საბჭოს“ კიდევ ერთი მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა.
ბუზიაშვილი "ფორმულასთან" ჰყვება, რომ "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს აინტერესებდათ მისი სამსახურის, ატლანტიკური საბჭოს შესახებ".
"დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა...გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის "ატლანტიკური საბჭო" – ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, მკვლევარი ჰყვება, რომ "საგამოძიებოს თანამშრომლებმა მას ადვოკატთან დროულად დაკავშირების საშუალება არ მისცეს".
"უნდოდათ ტელეფონისთვის მომეხსნა კოდი. მე უარი განვაცხადე და არ დამაკავშირეს ადვოკატს", - თქვა მან.
გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:
- ფულის გათეთრება;
- თაღლითობა;
- გადასახადებისგან თავის არიდება.
ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ჯერ უცნობია, რაიმე კავშირი თუ არის ამ საქმეებს შორის.