პრემიერი – ჩხრეკაზე: "დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს"

24-10-2024 13:51:00 პოლიტიკა

მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს, - ასე მიმართა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლებიც ჩხრეკის სერიის მიზეზით დაინტერესდნენ.

„მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს “,- აღნიშნა პრემიერმა.

დღეს თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.4

გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

  • ფულის გათეთრება;
  • თაღლითობა;
  • გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ჯერ უცნობია, რაიმე კავშირი თუ არის ამ საქმეებს შორის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები