
ჰარისი ტრამპს ფაშისტად მიიჩნევს
24/10/2024 10:44:11 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მის რესპუბლიკელ კონკურენტ დონალდ ტრამპს ფაშისტად მიიჩნევს.
"დიახ, ასე ვთვლი. ვენდობი ადამიანებს, რომლებიც ტრამპს სწორედ ამ მხრიდან იცნობენ" - განაცხადა ჰარისმა CNN-ის ეთერში მაყურებლის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, მან იქვე დასძინა, რომ ტრამპს ზომიერ რესპუბლიკელებთან არ აიგივებს და სურს, შეამციროს დაძაბულობის დონე დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის.
ჰარისამდე ტრამპის ფაშისტურ მსოფლმხედველობაზე განაცხადეს მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა, მათ შორის - შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ექს-ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გადამდგარმა გენერალმა ჯონ კელიმ. "ტრამპი თხემით ტერფამდე ფაშისტია" - განაცხადა, კერძოდ, მილიმ. კელიმ კი აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი "აშკარად ემხრობა მართვის დიქტატორულ მიდგომას" და რომ "ტრამპის ხედვები თავისუფლად ეწერება ფაშიზმის განსაზღვრებაში".
თავის მხრივ, ტრამპი ბრალდებას უარყოფს და პასუხობს ჰარისს, რომ "მსგავსი მოსაზრებები მისი გაუკუღმართებული გონების შედეგია". ამასთან, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დემოკრატ კონკურენტს "ამხანაგ ჰარისად" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ მისი გაპრეზიდენტება აშშ-ს "რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკას უქადის და ამერიკულ დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის".
ცნობისთვის: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების გასაშუალებული შედეგის თანახმად, ამ დროისთვის ტრამპს ხმათა 47,5% აქვს, ჰარისს კი - სულ 1,3%-ით მეტი - 48,8%.