
ტექნიკური შეცდომა? – თურნავას მიერ გათავისუფლებული კადრის პირველი კომენტარი
30/05/2019 16:51:52 ეკონომიკა
მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე პირველ კომენტარს აკეთებს.

„მინდა დავადასტურო, რომ „ეიპიემ ტერმინალსისთვის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების თაობაზე გადაწყვეტილება ნამდვილად ჩემ მიერ იქნა მიღებული; ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნვა უშუალოდ მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში; იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამას ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით, ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიპიემ ტერმინალსმა“.
რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა "ეიპიემ ტერმინალსმა". კომპანიაში ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.