
იანუკოვიჩის ვაჟმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
24/10/2024 12:50:34 მსოფლიო
უკრაინის მეოთხე პრეზიდენტის, მოსკოვში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟმა - 51 წლის ალექსანდრემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, - იუწყება რუსული მედია.
უმცროსი იანუკოვიჩი 2014 წლიდან სანქტ-პეტერბურგში ფლობს კომპანია "არსენალ ინვესტს", რომელიც საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების მართვითაა დაკავებული და გასულ 2023 წელს, უკრაინაში ომის ფონზე, 1,2 მლნ რუბლის მოგება ჰქონდა. რუსეთში იანუკოვიჩს ასევე აქვს კომპანია "პრაიდ-ემი", რომელიც ფლობს უზარმაზარ მიწის ნაკვეთსა და წილს ელიტურ ბიზნეს-ცენტრ "ატლანტიკში", სადაც 1 კვ.მ ფართის წლიური იჯარის ღირებულება, გასული წლის მონაცემებით, $600-ს შეადგენდა.
ევრომაიდნამდე ალექსანდრე იანუკოვიჩი ბიზნესს უკრაინაში აწარმოებდა და $510 მლნ-იანი ქონებით ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების ასეულში შედიოდა. მან სამშობლო 2014 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის მოსახლეობის მასობრივი პროტესტის შედეგად მამამისს - ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთში მოუწია გაქცევა. მას შემდეგ მამა-შვილი იანუკოვიჩები ძებნაში არიან გამოცხადებულები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოჯახს შეეხო დასავლური სანქციებიც ფინანსური სარგებლის მიღების გამო იმ რუსებისგან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზე არიან პასუხისმგებლები. გარდა ამისა, როგორც დასაბუთებაშია მითითებული, ალექსანდრე იანუკოვიჩი კომერციულ საქმიანობას აწარმოებს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პრორუს სეპარატისტებთან მჭიდრო კავშირშია.
თავად ძებნილი ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი საყვარელთან ერთად მოსკოვის ოლქში, აგარაკზე ცხოვრობს. 2017 წელს მათ ვაჟი შეეძინათ. 2019 წელს კიევის სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო ღალატსა და ომის გაჩაღების ხელშეწყობაში, რისთვისაც დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.