
"100/50-ზე უკიდურესი კომპრომისია, რომლის იქით ჩვენ მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ"
10/02/2020 07:38:03 საშინაო პოლიტიკა
ე.წ მეამბოხე მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა - 100/50 "უკიდურესი კომპრომისია, ამის იქით გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს", წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სხვა მაჟორიტარებთან ერთად საკონსტიტუციო კანონპროექტის კიდევ ერთხელ ჩაგდებით იმუქრება.
"ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულნი არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს. 100/50 შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქითაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.