მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განსაზღვრა - მათ შორისაა ცესკო-ს შენობა
24/10/2024 15:30:33 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება.
დადგენილების მიხედვით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობები და არა მხოლოდ. ამ ჩამონათვალშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, საპატრიარქო, პარლამენტი.
დადგენილების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 23 ოქტომბერს აწერს ხელს, ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის.
სსკ-ის 222-ე მუხლში საუბარია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილია ჯგუფურად ან არაერთგზის, სასჯელი მკაცრდება - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სსკ-ის 330-ე მუხლში საუბარია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირებაზე ტერორისტული მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
მანამდე ეს მუხლი ახსენა შსს-მ, როდესაც ხალხმრავალი აქციები მიმდინარეობდა პარლამენტთან "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, ასევე რამდენჯერმე გადაიკეტა, მათ შორის, გმირთა მოედანი. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ამ მუხლით აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მოქალაქეებს იბარებდნენ გამოკითხვაზე.
მაშინ იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამბობდა, რომ პრობლემურია, რომ მუხლი ამა თუ იმ დაწესებულების ჰიპოთეზური შეფერხებისთვისაც ითვალისწინებს სასჯელს:
„გარდა იმისა, რომ მუხლის თანახმად, მოცემულობა უნდა დადგეს, რომ ბლოკირებამ შეაფერხოს დაწესებულების ნორმალური მუშაობა, მუხლი უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ თუკი დადგინდა, რომ ბლოკირებას სამომავლოდ, ჰიპოთეზურად, შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა, ასეთი კვალიფიკაცია მიანიჭონ საქმეს“.


