გრემ ბრუკი: ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას

24-10-2024 23:56:32 პოლიტიკა ,სამართალი

"ატლანტიკური საბჭოს" "ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) დირექტორი გრემ ბრუკი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების – სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც მან "აქცენტისთვის" მიწოდებულ პასუხში აღნიშნა, იმედოვნებს, რომ "საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას".

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ქართველი კოლეგების მიუკერძოებლობაზე და მათ მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე.

"24 ოქტომბრის დილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, "ატლანტიკური საბჭოს" „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFRLab) ორი თანამშრომლის სახლებში რეიდები განახორციელეს და მათ ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუკავებია და არც ბრალი წაუყენებია.

"ატლანტიკური საბჭო" ღრმად არის შეშფოთებული მომხდარის გამო და ამ ფაქტის გავლენით თანამშრომლების მუშაობაზე საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი ქართველი კოლეგები – სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი არ არიან აფილირებული რომელიმე პარტიასთან და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ მუშაობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას და განმტკიცებას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში, კვლევები, მათ შორის დაკავშირებულია უცხოური გავლენის მცდელობებთან, მარგინალიზებული თემების სამიზნედ ქცევასთან და სხვა სახის ონლაინ ზიანთან.

ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს მათ, გააგრძელონ თავიანთი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში.

"ატლანტიკური საბჭო" დიდი ხანია, მხარს უჭერს დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მისწრაფებებს, შეუერთდეს ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებს. DFRLab აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

"ატლანტიკური საბჭო" გააგრძელებს მუშაობას საქართველოში თავისი მისიის სულისკვეთებით, რათა ჩამოაყალიბოს გლობალური მომავალი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს", – აცხადებს გრემ ბრუკი.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე – 24 ოქტომბრის დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი თანამშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები. ჩხრეკის შემდეგ წაიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

  • ფულის გათეთრება;
  • თაღლითობა;
  • გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ–ჯერობით უცნობია.

ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც სახლის ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოწმის სტატუსით - სოფო გელავას 24 ოქტომბრის დღის 5 საათი განესაზღვრა გამოკითხვის თარიღად და ეთო ბუზიაშვილს - 25 ოქტომბრის 12 საათი. ორივე გამოკითხვა გადაიდო და ის სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩატარდება.

„ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ, ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ყუთში, როგორადაც თვითონ ფიქრობს, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის სერია.

"მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს", - ასე მიმართა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლებიც ჩხრეკის სერიის მიზეზით დაინტერესდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები