
ზელენსკი: "მნიშვნელოვანია, მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები"
25/10/2024 06:07:23 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები".
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ჩვენი მოტივების, საჭიროებებისა და ამ ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს "ყირიმის პლატფორმა" დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაეროს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი BRICS–ის მე-16 სამიტს მასპინძლობდა.
ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდა.
სამიტს BRICS–ის წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, ესწრებოდა ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.