ტურაშვილი: ისტორიული შანსი არ უნდა დავკარგოთ!

25-10-2024 10:54:45 საზოგადოება ,კომენტარი

მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც საქართველოში სპეციალურად დაბრუნდა არჩევნებისთვის, ფიქრობს რომ კოალიციური მმართველობა ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალია.

"ყველგან არის არჩევნებზე საუბარი, დიდი მოლოდინები, მოლოდინი იმისა, რომ პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო გახდება მრავალპარტიული. ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი",- ამბობს ტურაშვილი.

ის საზოგადოებას უზიარებს თავის განწყობას: "არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ის, ვინც არ არის ხელისუფლებაში და ახლა მოხვდება ან ოპოზიციაშია, ჩემთვის იდეალურია, ასე არ არის. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ კოალიციური მმართველობა არის გამოსავალი, სადაც არც ერთ პარტიას არ დაემართება ის, რაც დაემართათ - ვგლისხმობ არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, წინასაც".

"ასე ხდება - როცა ძალაუფლება უკონტროლოა, არაადეკვატური ხდება",- ამბობს ტურაშვილი და დასძენს, რომ "ხვალიდან, მგონია, რომ ისტორიული დღეა".

"ამერიკაში ქართველებსაც ბევრს შევხვდი და როგორი მზადებაა, როგორი მოლოდინია, როგორი წყურვილია ცვლილების და გამარჯვების. ეს არის მნიშვნელოვანი. მე არც ერთი პარტიის მოქომაგე არ ვარ და თაყვანისმცემელი, მაგრამ რომელიმე პარტიის გამარჯვება კი არ დადგება ხვალ, არამედ, პირველად, ამდენი ხმის მერე, გაიმარჯვებს საქართველოს ხალხი და არა რომელიმე პარტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ გაგვიბედოს ის, რასაც გვიბედავენ და გვიბედავდნენ აქამდე - ისეთი კონტროლი ხდებოდეს, ისე იყოს დანაწილებული ხელისუფლება, როგორც უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ თანამედროვე სახელმწიფოებში. ხელისუფლების დანაწილება აუცილებელია. ეს ურთიერთკონტროლი და ბალანსი განაპირობებს ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს, რასაც ჰქვია მშვიდობა",- განმარტავს ტურაშვილი და მოქალაქეებს ურჩევს, თუ მშვიდობა უნდათ, უნდა აირჩიონ ამ მშვიდობის გარანტი, რომელიც ევროპაა და არა რუსეთი.

"ისტორიული შანსი არ უნდა დავკარგოთ!",- ფიქრობს ტურაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები