Accentnews.ge
ლუკაშენკო რუსეთს ომით დაემუქრა

ლუკაშენკო რუსეთს ომით დაემუქრა

25/10/2024 07:14:52 მსოფლიო

"რუსეთის მაღალ წრეებში ზოგიერთებს ერთი სული აქვთ, ბელორუსი მიიერთონ, მაგრამ მსგავსი მცდელობა ომს გამოიწვევს" - განაცხადა ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

"თქვენ უფრო მცირეები ხართ, ჩვენ - დიდები; თქვენი ეკონომიკა ისეთია, ჩვენი - ასეთი; ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას, მაგრამ თქვენ ჩვენს შემადგენლობაში უნდა შემოხვიდეთ".... - ასე საკითხების დასმა არ შეიძლება! ეს შეუძლებელია და არარეალიზებადიც! თქმაც კი მეშინია, მაგრამ ეს ომია! თანაც, არც მესმის, რა აუცილებლობაა, ბელორუსი რუსეთს მიუერთდეს - ჩვენი ქვეყნები ხომ უკვე ახორციელებენ ამბიციურ ამოცანას, ჩამოაყალიბონ საკავშირო სახელმწიფო... ჩვენ ისედაც შეგვიძლია იმგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მჭიდრო იქნება და მყარი, ვიდრე უნიტარულ სახელმწიფოში და არავის არავისზე წყენის საფუძველს არ შეუქმნის! დღეს შეიძლება, ვინმე გადახარო, რაღაც დაიპყრო, მაგრამ გონიერი პოლიტიკოსები ყოველთვის ფიქრობენ, რა მოჰყვება ამას... ეს ხომ შუა საუკუნეები აღარაა, როცა ტერიტორიას იპყრობდი, გადასახადები იხდებოდა და ა.შ. მსოფლიო შეიცვალა. შესაბამისად, პოლიტიკოსებმა მსგავსი სულელური ამოცანები კი არ უნდა დაისახონ, ყოველთვის უნდა იფიქრონ შედეგებზე" - განაცხადა ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად წლებია, რუსეთთან დაახლოების ხაზს მიჰყვება და მოსკოვის ინიციატივით "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს" აყალიბებს, თუმცა პუტინმა დღემდე ვერ დაიყოლია ამ მიმართულებით გაწერილი გეგმის რიგი პუნქტების რეალიზებაზე.

ამასთან, მან გამთქვა რწმენა, რომ პრეზიდენტ პუტინის წინაშე "არასოდეს მდგარა სხვისი ტერიტორიის დაპყრობის ამოცანა".

"საკავშირო სახელმწიფო" რუსეთ-ბელარუსის საინტეგრაციო პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წლიდან რეალიზდება. 20-ზე მეტი წლის გამავლობაში ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ერთიანი საბაჟო სივრცე და თავისუფალი სავაჭრო ზონა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გააძლიერეს თანამშრომლობა ძალოვანი სტრუქტურებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის კუთხით. თუმცა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რიგი პუქნტების რეალიზებას ლუკაშენკო ამ დრომდე არიდებს თავს.

2023 წელს მედიაში გაჟონა რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტმა სახელწოდებით "რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის სტრატეგიული მიზნები", რომელშიც 2030 წლისთვის რუსეთთან ბელორუსის ეტაპობრივი მიერთება იყო გაწერილი.

2021 წელს შედგენილი ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა "რუსეთის უპირატესი გავლენის უზრუნველყოფას" ბელორუსის სოციალური პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. ამის მიღწევას კრემლი ბელორუსის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგების გზით აპირებდა, რათა "ბელორუსში რუსეთთან ინტეგრაციით დაინტერესებულ მოქალაქეთა ფართო ფენა ჩამოეყალიბებინა", ასევე ადგილობრივი ბიზნესმენების "წახალისების" გზით, რათა ქვეყანაში "რუსულ ბაზარზე ორიენტირებული ბიზნეს-წრეები მაქსიმალურად გაეფართოებინა". გარდა ამისა, ერთ-ერთ პუნქტად გაწერილი იყო ბელორუსის კანონმდებლობის რუსულთან ეტაპობრივი ჰარმონიზაცია.

ამ გეგმის რეალიზებისთვის ხელისშემშლელ შესაძლო რისკ-ფაქტორებს შორის დოკუმენტში დასახელებული იყო ნატო-სთან ბელორუსის შესაძო დაახლოება, ასევე "მინსკის პოლიტიკაზე ნაციონალისტი და პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების გავლენა".

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გეგმა რუსეთის ხელისუფლებას სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაშიც აქვს გაწერილი და სამწუხაროდ, ბოლო წლებში მთელი რიგი მიმართულებით იმ რუსული გეგმის წარმატებით რეალიზების ნიშნებსაც ვხედავთ, მათ შორის - უკანასკნელ პერიოდში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რიგი კანონების რუსულთან ანალოგიის კუთხით.

იხილეთ ასევე: ვინ იპყრობს საქართველოს - რუსეთი თუ დასავლეთი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S