
ლუკაშენკო: "რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან ჩემი ნებართვის გარეშე დაესხა თავს"
25/10/2024 09:35:17 მსოფლიო
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ირწმუნება, რომ პუტინის ჯარი უკრაინაში ბელორუსის ტერიტორიიდან მისი ნებართვის გარეშე შეიჭრა. ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის ლიდერს იგი არ გაუფრთხილებია, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა.
"მოგეხსენებათ, იმხანად ტარდებოდა წვრთნები რამდენიმე ათასი რუსი სამხედროს მონაწილეობით. პუტინმა დაიწყო ამ ჯარების გაყვანა იმ ადგილიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ - ბელორუსის სამხრეთიდან, გზის გასწვრივ, უკრაინასთან საზღვრის პირზე. რაღაც მომენტში კი მან თავისი ჯარი კიევისკენ გადაამისამართა" - განაცხადა ბელორუსმა ავტორიტარმა ლიდერმა BBC-სთან ინტერვიუში და იქვე გამოთქვა რწმენა, რომ "[კიევმა - რედ.] რუსული ჯარის პროვოცირება მოახდინა".
მისივე თქმით, "ის, თუ როგორ გავიდოდა რუსული ჯარი ბელორუსის ტერიტორიიდან - კიევის თუ მინსკის გავლით, მხოლოდ პუტინზე იყო დამოკიდებული". ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, ხომ არ დაჰკავშირებია იგი იმ მომენტში პუტინს ტელეფონით, რათა გაერკვია, რა ხდებოდა, ლუკაშენკომ უარყოფითად უპასუხა და იქვე განმარტა - "არც მას დაურეკია, არც მე დავკავშირებივარ, რადგან ჯარი მისია და უფლება აქვს, სადაც უნდა, იქ გაიყვანოსო".
ცნობისთვის: რუსეთს არაერთგზის გამოუყენებია ბელორუსის ტერიტორია უკრაინაზე სარაკეტო იერიშების განსახორციელებლად, დაჭრილი რუსი სამხედროების სამკურნალოდ, საწვრთნელად, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის ფრონტზე გადასასროლად. გარდა ამისა, რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე ჩატარებული აქვს წვრთნები ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში, ომის დაწყების შემდეგ კი ბელორუსში თავად ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღიც განათავსა, თუმცა ლუკაშენკო ირწმუნება, რომ მისი ნებართვის გარეშე მოსკოვი მას ვერ გამოიყენებს, ბელორუსი კი გამოიყენებს მხოლოდ მასზე თავდასხმის შემთხვევაში - თავად მინსკი თავდასხმას არავისზე აპირებს".
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში კრემლში პუტინთამ გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ "კიევი რუსეთისა და ბელორუსის ჯარებზე თავდასხმას გეგმავდა და [უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე - რედ.] 6 საათით ადრე რომ პრევენციული დარტყმა არ განხორციელებულიყო, უკრაინელები შეუტევდნენ რუსებსა და ბელორუსებს, რომლებიც იმხანად ბელორუსის ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებდნენ". "ასე, რომ, ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია - ჩვენი სინდისი სუფთაა" - ირწუნებოდა ლუკაშენკო და იქვე ახსენებდა რაღაც "უკრაინელთა მიერ მომზადებული თავდასხმის რუკებს", რომლებიც რეალურად, არსად არავისთვის წარუდგენია არც მაშინ, არც შემდგომში.