აზერბაიჯანულ მედიას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აგიტაციის შეწყვეტა მოსთხოვეს

25-10-2024 18:07:18 კავკასია ,პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნარგიზ ალიევა აზერბაიჯანული თოქ-შოუს წამყვანს საქართველოს ელექტორალურ პროცესებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აგიტაციის შეწყვეტას მოითხოვს.

"ტელეწამყვანი ჰოშგადამ ხიდაიათგიზი ღიად აგიტირებდა და მოუწოდებდა საქართველოს აზერბაიჯანულ თემს, კონკრეტული პარტიისთვის მიეცა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სხვა ქვეყანაში - საქართველოში იმართება. ეს არა მარტო საერთაშორისო სამართლის, არამედ აზერბაიჯანში მედიის მუშაობის წესების დარღვევაა, ამდენად, ვაპირებ, ოფიციალური წერილით მივმართო მაუწყებელ კომპანია ARB Television-ს. კანონმდებლობის არცოდნა არ გათავისუფებთ პასუხისმგებლობისაგან და ეს ალბათ, თავადაც კარგად იცით!" - წერს ალიევა სოცქსელ ფეისბუქში და აზერბაიჯანელი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

იგი ასევე მიმართავს აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს, "ვითარებაში დაუყოვნებლივ გაერკვნენ და რეაგირება მოახდინონ".

ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ტელეწამყვანი თავის გადაცემაში ღიად მოუწოდებდა საქართველოს აზერბაიჯანელ თემს, მოახლოებულ არჩევნებზე ხმა მიეცა "ქართული ოცნებისთვის": "რადგან ომისგან თავისუფალი, მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც. იქ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები. თუ იქ ვითარება გაფუჭდება, ეს ჩვენთვისაც ცუდი იქნება. გაიხსნეთ უკრაინა: საქართველოში ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში უკრაინისგან განსხვავებული - მშვიდობიანი, სტაბილური ვითარებაა. ამდენად, მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობა, სტაბილურობა, ხმა მისცეთ "ოცნებასო".

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ უამრავი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იგივე - საქართველოში თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ პროპაგანდირებადის ანალოგიური ნარატივები მეორდება და მოცემულია საქართველოს აზერბაიჯანელი თემისადმი მიმართვები, ხმა "ოცნებას" მისცენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები