
ნათელაშვილი:"ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს"
10/02/2020 15:08:00 საშინაო პოლიტიკა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს.
ამის შესახებ მან გიგი უგულავას გამამტყუვნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
"არავითარი მე-5, მე-6 რაუნდი, შექმნილ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას, მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, გავაქეზოთ დიქტატორი ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. წყდება ყველანაირი დიალოგი და გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე", — თქვა შალვა ნათელაშვილმა.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.