
"ივანიშვილი დაადგა ასლან აბაშიძის გზას, გიგი უგულავას კი აბაშიძეზე გამარჯვების გამოცდილება აქვს"
10/02/2020 16:57:06 საშინაო პოლიტიკა
"ბიძინა ივანიშვილი დაადგა ასლან აბაშიძის გზას, გიგი უგულავას კი აბაშიძეზე გამარჯვების გამოცდილება აქვს, მალე იზეიმებს არჩევნებში გამარჯვებასაც", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გიგი უგულავას გამამტყუვნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.