
დუგინი: "საქართველო BRICS-ის წევრი უნდა გახდეს"
27/10/2024 08:07:48 პოლიტიკა
კრემლის იდეოლოგი და პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს ეხმიანება, "ქართულ ოცნებას" "გაბედულობას" უწუნებს და მოუწოდებს, საქართველო პუტინის BRICS-ში გააწევრიანოს.
"ქართულ ოცნებას" უნდა გააჩნდეს სტრატეგია. ჯერჯერობით მხოლოდ ლავირებენ - მართალია, წარმატებით, მაგრამ მაინც, რადგან ლავირების რესურსი ამოუწურავი არაა. უნდა სცადონ, აქციონ საქართველო კვლავ დიადად, ოღონდ ამჯერად - ტრადიციონალისტურ ილიბერალურ საფუძველზე. და შეიყვანონ BRICS-ში. იქ ხომ მალე საკუთარი ვალუტა ექნებათ ძალიან ლამაზი, მიმზიდველი კუპიურით" - წერს დუგინი.
ამასთან, მისი მტკიცებით, "ოცნება" "არც პრორუსულია და არც პროდასავლური - ისინი სუვერენისტები არიან, ამდენად, რუსეთისთვის "ოცნებასთან" ურთიერთობა ადვილი არ იქნება, მაგრამ ოპოზიციასთან გაცილებით მეტი პრობლემა ექნებოდა, ისევე, როგორც არაპოპულარულ ქართველოფობ პრეზიდენტთან".
"საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი სულაც არ არიან პრორუსები, მაგრამ არც დასავლეთის მონები. აი, რა არის ნაციონალიზმი კარგი გაგებით - ესაა სამშობლოს შენარჩუნება, წესრიგის დაცვა, ყველასგან დამოუკიდებლობის გამყარება და არავის წინაშე დახრა! "ქართულ ოცნებასთან" ჩვენი ურთერთობა ადვილი არ იქნება, მაგრამ სოროსის მარიონეტებს, პერვერტებსა და ექსტრემისტებს რომ გაემარჯვათ, გაცილებით მეტი პრობლემა შეგვექმნებოდა, ჩვენზე მეტი კი - თავად ქართველებს. სხვა თემაა, რომ ოპოზიციამ უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე თავად სუვერენისტები ელოდნენ და ამ უკანასკნელებს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლსობა ვერ ექნებათ. თუმცა მარტივი უმრავლესობაც კარგი შედეგია" - წერს დუგინი.
პროპაგანდისტის მტკიცებით, საქართველოში "ველური არეულობებისთვის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ჯერ გადასაგორებელია სააკაშისტებისა და სოროსის პერვერტების რეაქცია - გასამყარებელია გამარჯვება".
"და ჰო, დროა, გამოვემშვიდობოთ არაპოპულარულ ქართველოფობ პრეზიდენტშას - დროა, შინ, პარიზში დაბრუნდეს!" - დასძენს დუგინი.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ "ოცნებას" გამარჯვება უკვე მიულოცეს კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.