27-10-2024 17:24:19 პოლიტიკა ,კომენტარი
ნამდვილად სამწუხარო ვითარებაში ვართ. აქ საზეიმო არაფერია მათთვისაც კი, ვინც ზეიმობს,- ამგვარად აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და დამკვირვებლების შეფასებებს საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით.
"თუ ჩვენ, ვეშვებით რუსულ ჭაობში ვითარების გამოუწყორებლობის შემთხვევაში, არ მესმის, რას ზეიმობენ. ვინც შეგნებულად მისცა "ქართულ ოცნებას", უნდა ესმოდეს პასუხისმგებლობა საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა შევლენ ევროკავშირში, ხოლო საქართველოზე საუბარიც აღარ იქნება - ღმერთმა ნუ ქნას, ეს სცენარი მოხდეს. თუმცა მათ ისტორია დაწერა დღეს",- თქვა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება გაყალბების შესახებ ცნობებს, ეს მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებდა ძალადუფლების შესანარჩუნებლად". მას არ სჯერა, რომ ცესკო-ს შედეგები ასახავს რეალურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერების რაოდენობას, თუმცა მეორეს მხრივ, "საჭიროა, გულწრფელად ვილაპარაკოთ, ეს ყველა მარიონეტი და რობოტია? თუ საქართველოში არსებობს მოსახლეობა, რომელსაც ეშინია ევროპის, არ იცის, რა არის ევროპა და ადვილია მათზე ზემოქმედება; რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მიაჩნია აგრესორად, თვლის რომ საჭიროა, მის წინაშე ქედი მოვიხაროთ, რათა უარესი არ გააკეთოს".
"ეს ხალხი არსებობს და საჭიროა მათთან მუშაობა. ეს ხალხი არის მასა - პირამიდის ქვედა ნაწილი, სადაც უკვე ზემოდან "ქართული ოცნება" გაყალბებასაც დააშენებს, მუქარასაც, მოისყიდის კიდეც და აშ. ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ საზოგადოების ამ ნაწილს, რომელიც წლიდან წლამდე მოდის (არა მხოლოდ "ოცნების" დროს), "უცნაურად" იქცევა ამ გაგებით და ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ. ყველაფერი გაყალბებული არაა. კარგად უნდა გამოვყოთ, სად არის გაყალბება, დაშინება და სად რეალური მოქალაქე. ეს რეალური მოქალაქე - არა ამდენი - მაგრამ გარკვეული რაოდენობაა, რაზეც უკვე შემდეგ უღირსი ავტორიტარი მმართველი აშენებს თავის ინტერესებს, უკანონო ქმედებებს. ამიტომ, წინ მართლაც ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის",- ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი ხედვით:
"საერთაშორისო დამკვირვებლების დასვნის შემდეგ იწყება ახალი ბრძოლა, რას ვაკეთებთ ჩვენ",- ამბობს ზაქარეიშვილი.
მას არ მოსწონს იდეები პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე. ამ დროისთვის ყველა ბარიერგადალახურმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არჩევნების გამოცხადებული შედეგები არ ასახალხს მოქალაქეების გამოხატულ ნებას და სამოქმედო გეგმაზე მოგვიანებით ისაუბრებენ. როგორც ითქვა, კონსულტაციებია პრეზიდენტთანაც.
"ვის ვუთმობთ პარლამენტს? ის მხოლოდ პოლიტიკის საკეთებელი ადგილი კი არ არის, ის ტრიბუნაცაა. სწორედ ეს უნდა "ქართულ ოცნებასაც" [ოპოზიცია არ შევიდეს პარლამენტში] ჩათალეთ, რომ 20 წელი აბსოლუტურად მართავს სიტუაციას - არა პოლიტიკას, ადამიანების გონებას. შემდეგ გაყალბებაც კი არ დასჭირდება. მაშინ ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ პასუხი უნდა აგონ - თუ არ შეხვალ პარლამენტში და 2030 წელს იქნება არჩევნები, იქნება სრულიად კატასტროფა და გაყალბებაც არ დასჭირდება "ქართულ ოცნებას". ამაზე ვინ აგებს პასუხს? შემდეგ 2034 წელზე ვილაპარაკოთ?! პოლიტიკა არ არის მხოლოდ აღიარება ან არაღიარება. პოლიტიკა არის ყოველთვიურად ნაბიჯის გადადგმა. მე არ ვარ კატეგორიული და ქუჩაში არ გამოვალ, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაგრამ ეს იქნება პირველ რიგში, ძალიან დიდი მხარდაჭერა "ქართული ოცნებისთვის". მათ სწორედ ეს უნდათ. მასოფლიოში ბევრი ბოიკოტი მინახავს (ჩემი სპეციალობაც ესაა), მაგრამ საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული ბოიკოტი. ერთი აქუბარდია (თეონა აქუბარდია) ცვლიდა ხოლმე დღის წესრიგს მთლიანად პარლამენტში. ტრიბუნა უნდა იქნეს გამოყენებული!. ეს ჩემი კერძო ხედვაა. თუ არ შევლენ, მე მაინც ევროპის და ადამიანის უფლებების მხარეს ვიქნები, მაგრამ პასუხს მოვთხოვ",- ამბობს ზაქარეიშვილი.
ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქუჩის ელემენტს - ხალხის ნების ამ გზით გამოხატვას:
"ოპზოიციამ ხალხი, ვინც ევროპული მომავლის მომხრეა, ქუჩაში უნდა გამოიყვანოს, ქუჩები გაავსოს. სხვაგვარად ჩვენ ხელისუფლებას პასუხს ვერ მოვთხოვთ გარდა ხალხის ნების გამოხატვისა. უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და არა ევროპის ან მოსკოვის. მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოხერხდება ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ვინც მნიშვნელოვნად შეატყობინებს "ქართულ ოცნებას", რომ მათ ეს არ ეპატიებათ. მაგრამ კარგად უნდა ჩამოყალიბდეს მექანიზმები, რათა "ქართული ოცნება" მიხვდეს, რომ დათმობებია საჭირო. ის თავხედი, უზნეო პარტიაა. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ აწყობთ კიდეც, ევროპა იყოს ძალიან მკაცრი. ესენი კიდევ უფრო ევროსკეპტიკოსები გახდებიან და შესაძლოა, რეფერენდუმიც კი ჩაატარონ, რაკი ვერ ცვლიან კონსტიტუციის 78-ე მუხლს (საგარეო პოლიტიკის შესახებ). ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, რომ მთლიანად ჩახსნან კონტაქტები ევროპასთან და შემდეგ ყველაფერი ევროპას დააბრალონ. ამიტომ, "ოცნებიდან" ყველაზე უარესია მოსალოდნელი. ყველაზე საშინელი იქნება, თუ ევროკავშირი დაასრულეს გაფართოებას და აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გუშინ დავკარგეთ უნიკალურზე უნიკალური შანსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამის დაშვება არ შეიძლება. მთელი წელი უნდა იყოს ბრძოლა. თუ არაფერი გამოვიდა, ადგილობრივი არჩევნები მოდის. უნდა გავაანალიზოთ, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა უტიფრობით მოიგო ოცნებამ, რომ ქალაქებიდან იყოს ბრძოლა. გაიხსენეთ, ენმ-მ ჯერ ადგილობრივი არჩევნები მოიგო და შემდეგ მოიგო პარლამენტი. ადგილობრივი არჩევნების მოგებით შეიძლება ახალი დღის წესრიგის შექმნა "ოცნებისთვის".
ამბობს, რომ დედამიწის 70% ასე ცხოვრობს - ანტიდემოკრატიულ პროცესებში:
"განსაკუთრებული ხდება მხოლოდ ევროკავშირში და ნატოში, სადაც არის მშვიდობა და დემოკრატია, რაც ჩვენთან მოხდა, ეს არის აფრიკა, ეს არის რუსეთი, ეს არის აზია - ჩვენ ამ რეალობაში ვართ და აქედან უნდა გამოვიდეთ. დემოკრატია არ არის ბუნებრივი მოვლენა. ეს ჯილდოა, დამსახურება! სარეველას დათესვა არ უნდა, თავისით ამოდის. არადემოკრატია, კორუიფცია ჩვენთან ბუნებრივად ამოდის, კრიმინალი ბუნებრივი მოვლენაა. სადაც არ არის ავტორიტარიზმი, დემოკრატია მუშაობს - მას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. ჩვენ ზეციდან ჩამოგდებული გვინდა. ან უნდა მივიდეთ შემდეგ არჩევნებამდე, ან ხალხი - ქუჩაში. კი ბატონო, ხალხი გაბრაზებულია - ათასობოთ ადამიანმა მისცა ხმა ევროპას. მინდა, 100 000 ადამიანი ორი კვირა დღე და ღამე ქუჩებში იყოს, უნდა მოხდეს საქართველოს პარალიზება. მოხდება ეს? გაჩერდება რკინიგზები? გაჩერდება პორტები? მაშინ გავიმარჯვებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ უკაცრავად, შემდეგ არჩევნებს დაველოდოთ".