Accentnews.ge
Politico: "დამვირვებლების ცნობით, საქართველოში არჩევნებს ჩრდილი მიაყენა დაშინებამ და ჩარევამ"

Politico: "დამვირვებლების ცნობით, საქართველოში არჩევნებს ჩრდილი მიაყენა დაშინებამ და ჩარევამ"

27/10/2024 15:30:09 პოლიტიკა

დასავლეთის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, საქართველოში ჩატარებულ კრიტიკული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნებს ჩრდილი მიაყენა პოლიტიკურმა ძალადობამ და დარღვევებმა, – იუწყება Politico.

გამოცემა მიმოიხილავს ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი მისიის 500-მდე დამკვირვებლის მუშაობას საქართველოში გამართული არჩევნების პერიოდში.

გამოცემა ციტირებს ეუთოს სპეციალური კოორდინატორის პასკალ ალიზარის განცხადებას, რომლის თანახმად, ხმების მოსყიდვა და „ფინანსური რესურსების დისბალანსი, მტრული საარჩევნო ატმოსფერო და ახლახან ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა ამ საარჩევნო პროცესში“.

არჩევნების შედეგების შესახებ ოპოზიციური პარტიების რეაქციაზე საუბრისას Politico-ს მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას სიტყვები, რომ ის და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ „მოპარული არჩევნების“ შედეგებს.

Politico-ს ცნობით, ორმა უცხოელმა დამკვირვებელმა, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს, გამოცემას უთხრა, რომ ისინი პირადად იყვნენ მოწმენი დათვლის პროცესში დარღვევებისა და საარჩევნო უბნებში ძალადობისა.

გამოცემა ვარაუდობს, რომ "მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები, რაც გაზრდის იმის პერსპექტივას, რომ განახლდება ხანგრძლივი დემონსტრაციების მოძრაობა, რომელსაც ზაფხულში თან სდევდა აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა".

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“ და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S