
ბლინკენი: "საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგი, როგორც თავისუფალი და სამართლიანი"
28/10/2024 04:10:08 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
როგორც სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგი, როგორც თავისუფალი და სამართლიანი".
"ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენის შეფასებით, "არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას", თუმცა "საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით".
"ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ", – ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე საერთო ჯამში კარგად იყო ადმინისტრირებული, აშშ ხაზს უსვამს ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ".
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021