28-10-2024 15:52:28 პოლიტიკა ,საზოგადოება ,კომენტარი
ის, რომ არა მხოლოდ ეს არჩევნები რუსული სპეცოპერაციის ფონზე თანამშდებოდა, ამაში მე ეჭვი არ მეპარება,- ამბობს „აქცენტთან“ ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პრეზიდენტის შეფასების კომენტირებისას, რომ „ჩვენ რუსული სპეცოპერაციის მომსწრენი და მსხვერპლნი გავხდით“. პრეზიდენტმა 27 ოქტომბრის ბრიფინგზე თქვა, რომ არ აღიარებს არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს, მთავრობას „ძალაუფლება“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მას ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს.
ფირალიშვილი თვლის, რომ ახლა მთავარი საქმე მტკიცებულებების დოკუმენტირებაა.
„უბრალოდ, ვერც ოპოზიციამ და როგორც ჩანს, ვერც საექსპერტო საზოგადოებამ ვერ ავუღეთ ალღო ამ სპეცოპერაციის ხასიათს, მის შესაძლო შედეგებს, მის შესაძლო ფორმებს. მთავარია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დოკუმენტირებული მტკიცებულებების წარმოდგენას - ეს არის ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ ელექტრონულ არჩევნებს ბევრ სიკეთესთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც - ძალიან ძნელია მხილება გაყალბებისა. იმედი მაქვს, რომ როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი და ოპოზიციური ძალები ლაპარაკობენ გაყალბებაზე, მათ საბუთები გააჩნიათ და ამას წარმოადგენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვახსოვს, რომ 2020 წელს მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო არჩევნების შედეგები, პარლამენტმა მუშაობა განაგრძო“.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო დასკვნები, რომელსაც შემდგომში დაეყრდნობა საერთაშორისო საზოგადოება. წინასწარი დასკვნები კი ოპოზიციას უტოვებს შანს, დაადასტუროს თავისი სიმართლე, ხოლო ხელისუფლებას - მოახდინოს რეაგირება:
„ეუთო-ოდირი ვერ დადებს ისეთ დასკვნას, რომელიც შემდგომში მისი ავტორიტეტის შემლახველი იქნება. ის მხოლოდ საქართველოზე არაა ორიენტირებული, სხვა ქვეყნებზეცაა და იმ ქვეყნებში ნდობა უნდა ჰქონდეს. ამდენად, მათი დასკვნა მრავლისმეტყველი იქნება ყველასთვის“.
„რთული დღეები ჯერ კიდევ წინ გველის“ - ამბობს ფირალიშვილი და განაგრძობს, „ფაქტია, რომ საზოგადოებამ მძიმე დარტყმად მიიღო ის, რაც მოხდა არჩევნებზე. არავინ ელოდა, რომ ამდენი ადამიანი (სხვადასხვა გზებით) ხმას მისცემდა „ოცნებას“. მაგალითად, მე არ მესმის, ახმეტაში, სადაც გიორგი ანწუხელიძის ძეგლი დგას, როგორ შეიძლებოდა „ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა! უბრალოდ, არ მესმის, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით (ოფიციალურით), თურმე ახმეტელებმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. მაშ რიღასთვის უდგათ ეს ძეგლი? გაუგებარია! როგორც ჩანს, ამ ძეგლის სულისკვეთებას თვითონვე უარყოფენ!“. მას მხედველობაში აქვს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც რუსეთს აგრესორის სტატუსს ხსნის და მას საქართველოთი ანაცვლებს. მათ შორის ამ პროპაგანდისტული ნარატივის თანხლებით წარმართა მმართველმა პარტიამ საარჩევნო პროცესი. ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც წამებით მოკლეს მას შემდეგ, რაც ტყვედ იგდეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართული საზოგადოებისთვის გაუტეხელობის სიმბოლოა.
რეგიონებში მეტი მუშაობა იყო საჭირო, რომ ასე საეჭვოდ არ ყოფილიყო საქმე,- ფიქრობს ფილოსოფოსი. ასევე თვლის, რომ ამ არჩევნების დროს თაობებს, მსოფლმხედველობებს შორის დაპირისპირებაც გამოიკვეთა - „სერიოზულად იჩინა ამან თავი“.
„საბჭოთა თაობის ნეგატიურ აქტიურობას ნამდვილად ჰქონდა დიდი როლი. საბჭოთა თაობა, ნებსით თუ უნებლიედ, თავისი ფსიქიკის სიღრმეში მიბმულები არიან სტალინური მართვის მოდელთან და უნებურად, ყოველ ახალ მმართველში ახალ სტალინს ეძებენ ხოლმე. მმართველობა, როგორც პროცესი, პოლიტიკა, როგორც პროცესი, მათთვის აღუქმელია. სტალინიზმმა ისეთი კოდი ჩადო მთელი თაობების ცნობიერებაში, ამის დაძლევა ძალიან ძნელია. ეს კოდი ძირეულად უპირისპირდება ევროპულ რაციონალისმს, ინდივიდუალიზმს და ა.შ. ეს არის კოლექტივიზმის კოდი, „მამა მარჩენალის“ მაძიებელი კოდი, კომფორმიზმის და ა.შ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა ეპოქაში გავატარე და სწორედ ამიტომაც ვიცნობ კარგად ამ თაობას“,- ამბობს ფილოსოფოსი და თვლის, რომ საზოგადოების ამ ფენებთან მინიმალური კომუნიკაცია იყო.