Accentnews.ge
გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ​ შეწყდა

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ​ შეწყდა

11/02/2020 08:10:30 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერ გიგი უგულას დაპატიმრების შემდეგ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ​ შეწყდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არანაირი მოლაპარაკებები აღარ იქნება:

„მოლაპარაკებებზე შევდივართ, მერე გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ ხელებზე. ოპოზიცია გადადის კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ქუჩის აქციებს, მანიფესტაციებს, რეგიონებში გასვლებს. ამასთან, მუშაობას საარჩევნო მიმართულებითაც გავაძლეირებთ“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძის განცხადებით კი, უგულავას დაპატიმრებით „ხელისუფლებამ დიალოგისთვის სივრცე მოკლა. ჩვენი ამოცანა იქნება, დავრჩეთ ბოლომდე კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და შეთანხმებული მოქმედებებით, მათ შორის შეთანხმებული მაჟორიტარული კანდიდატებით უზრუნველვყოთ საარჩევნო და მშვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების უსწრაფესი ჩამოშორება. ნებისმიერი საარჩევნო სისტემით და ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში".

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა "ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები შეეწყვიტა":

"მოლაპარაკება ჩვენ კი არა, ხელისუფლებამ შეწყვიტა, როდესაც ყველაფერი ფეხქვეშ გათელა. დარწმუნებული ვარ, ეს ბიძინა ივანიშვილის გათვლილი ქმედება იყო“.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება „ქართული ოცნების” მხრიდან შიშის დემონსტრირებაა:

„მათ აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, აღარც დიდი ფული, რომლის დახარჯვასაც აპირებენ, აღარც ადმინისტრაციული რესურსი და ახლა ფიქრობენ, რომ პერსონალურად პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავლენ და იქნებ ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. პირობას ვდებ, მაქსიმუმ, ოქტომბრამდე მოუწიოს უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. ის აუცილებლად ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება „ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოში".

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიგი უგულავას დაკავებას "პოლიტიკურ დევნად" აფასებს:

„გიგი უგულავას საქმე არის ცალსახად პოლიტიკური, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დევნა არის პოლიტიკური ხასიათის, ივანიშვილი ცდილობს მოიცილოს პოლიტიკური ლიდერები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში და შექმნას დაპირისპირება ორ პოლუსს შორის. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ის თამაშობს ამ ქვეყანაში რამდენიმე წელია და ჰგონია რომ ამჯერადაც გამოუვა. შემდეგი შეიძლება, იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, უკვე გვყავს, მინიმუმ სამი პოლიტიკური პატიმარი ეს არის: გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნებისმიერი შეიძლება იყოს. სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი".

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ უგულავას დაკავება "სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ივანიშვილის ქმედებაა":

"ვფიქრობ, ეს პოლიტიკა მას არსად არ მიიყვანს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ჩვენი უსამართლო სასამართლო, იქნება ძალიან სერიოზულად გაპროტესტებული".

ცნობისთვის: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა თებერვალში უნდა გამართულიყო.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S