შვედეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს

29-10-2024 00:35:21 ევროპა

შვედეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მიზნით თანამშრომლობის საკითხთა მინისტრმა ბენჟამინ დოუსმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, "საქართველოში მოვლენათა განვითარება უკვე დიდი ხანია, იწვევდა შეშფოთებას, ხოლო დარღვევებმა, რომელთა შესახებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, ეს საბოლოოდ დაადასტურეს".

თავად გამოცემა TT, რომელმაც შვედი მინისტრის განცხადება გამოაქვეყნა, აღნიშნავს, რომ "პრორუსულმა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა სადავო არჩევნებში, რომელთა ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არა მარტო ქართული ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებიც".

"მცდელობები, ხელი შეუშალონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი დემოკრატიული რლის შესრულებაში, მათ შორის - შემზღუდველი კანონმდებლობის გამოყენებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ამდენად, შვედეთის მთავრობა წყვეტს პირდაპირ შვედურ-ქართულ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წუთამდე გრძელდებოდა, მათ შორის - საქართველოს საგადასახადო ორგანოების კუთხით. თანამშრომლობა შეიძლება, სამომავლოდ აღდგეს, თუკი საქართველო კვლავ მიუბრუნდება ევროკავშირს" - აცხადებს მინისტრი დოუსი.

ცნობისთვის: შვედეთი საქართველოს წელიწადში დაახლოებით 200 მლნ კრონის ოდენობის დახმარებას უწევდა. წელს, ცნობილი მოვლენების ფონზე 25 მლნ კრონა სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები