
ორბანი: "ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი"
29/10/2024 08:05:23 პოლიტიკა
უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ "ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი". ამის შესახებ მან თბილისში პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, რადგან მეზობელ ქვეყანაში ხდება ეს ამბავი, ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, უნგრეთშიც ასეა. ასევე მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად", – განაცხადა ორბანმა.
- აღსანიშნავია, რომ ორბანისგან გასხვავებით, დასავლელი ლიდერები, მათ შორის ევროკავშირში გადაწვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, რომ ერთია, რა წერია კონსტიტუციაში და მეორე – როგორ ასრულებს ამ ჩანაწერს "ოცნების" მთავრობა.
- ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია".
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.