თორნტონი: არ მგონია, რომ 2024 წლის სიტუაცია 2020 წლისას ჰგავს - საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა

30-10-2024 11:28:03 პოლიტიკა ,კომენტარი

ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და “ენ-დი-აის” დირექტორი იყო, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას პირველ რიგში წინასაარჩევნო დარღვევებს უსვამს ხაზს.

“მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდონობდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა . შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია”,- ამბობს თორნტონი "ამერიკის ხმასთან".

ექსპერტი ასევე განსაკუთრებულად გამოყოფს ეგზიტპოლების, წინასაარჩევნო შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადებულ მოანცემებს შორის სხვაობას.

“ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია”,- ამბობს თორნტონი.

ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და არჩევნების დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. თუმცა, ამ მოთხოვნების პარალელურად, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამეორდება 2020 წლის სცენარი, როდესაც ოპოზიციამ ჯერ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და ქუჩის აქციები დაიწყო, შემდეგ კი მათი ნაწილი მაინც შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ამ მოვლენებს იხსენებენ "ქართული ოცნების" ლიდერებიც.

თუმცა, თორნტონი თვლის, რომ ახლა სრულიად განსხვავებული მოცემულობაა.

“არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმინობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო . მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია”, - თვლის თორნტონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები