
„სასამართლოს იარაღად გამოყენებას“ მხოლოდ 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი"
11/02/2020 11:09:10 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საქართველოში „სასამართლოს იარაღად გამოყენებას“ მხოლოდ 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი და სადღეისოდ მსგავსი არაფერი ხდება.
„მეც ვეთანხმები კინზინგერს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, - ეს იქნება უცხოეთში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თუ ა.შ,- ყველას ვეტყვი: მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლო პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების" ხელში არ არის და საქართველოში ასე არ იქნება არასდროს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის".
ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.